მოლეკულური დიაგნოსტიკა
ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებული მოლეკულური დიაგნოსტიკური მეთოდი არის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ/PCR). იგი წარმოადგენს მეთოდს, რომლის საშუალებით ნუკლეინის მჟავის სპეციფიკური მონაკვეთის მილიონობით ასლის მიღება არის შესაძლებელი, რაც სამიზნის დეტექციის საშუალებას იძლევა თუნდაც მისი უმცირესი კონცენტრაციისას, საკვლევ ნიმუშში.
მეთოდი შემუშავდა 1983 წელს Kary Mullis-ის მიერ, რისთვისაც მან ნობელის პრემია დაიმსახურა ქიმიის დარგში. მეთოდის შემქნიდან დღემდე პჯრ ფართოდ გამოიყენება მრავალ სამედიცინო და სამეცნიერო დისციპლინაში, მათ შორის მოლეკულური დიაგნოსტიკის, მიკრობიოლოგიის, გენეტიკის, კლინიკური დიაგნოსტიკის, სასამართლო ექსპერტიზის, გარემოს დაცვითი მეცნიერებების, მემკვიდრეობითი კვლევებისას და მშობლის იდენტიფიკაციისთვის.
PCR ფართოდ გამოიყენება კლინიკური ნიმუშების ანალიზისთვის, ისეთი ინფექციური აგენტების დეტექციისთვის როგორიცაა: კორონავირუსი, HIV, ჰეპატიტები, ადამიანის პაპილომა ვირუსი, ეპშტეინ - ბარის ვირუსი, მალარიის და ჯილეხის გამომწვევი პათოგენები. პჯრ-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს HIV ის ადრეული დეტექციისთვის, ვინაიდან ვირუსის დნმ-ის დეტექცია შესაძლებელია ორგანიზმის ინფიცირებისთანავე, განსხვავებით იმუნოლოგიური მეთოდებისგან, რომელთა საშუალებით ანტისხეულების დეტექცია შესაძელებლია ინფიცირებიდან კვირების და თვეების გასვლის შემდეგ.
PCR მეთოდი შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას, ვირუსული ინფექციის სიმძიმის შესაფასებლად, რასაც დიაგნოსტიკისა და პროგნოზისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
PCR უნაკლო მეთოდია პათოგენების სწრაფი დეტექციისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთ ინფექციურ აგენტებთან მიმართერბაში, რომელთა იდენტიფიცირება საჭიროებს კულტივირებას ტრადიციული მიკრობიოლოგიური მიდგომით, რაც ხშირად პრობლემას წარმოადგენს, ან მოითხოვს დიდ დროს საბოლოო დიაგნოზის მისაღებად. თვისობრივთან ერთად რაოდენობრივი და გენოტიპირების მონაცემების გენერაციის შესაძლებლობით, აღნიშნული მეთოდი კიდევ უფრო ინფორმატიული გახდა.